English / ქართული / русский /
ლეილა ღუდუშაური
თვითმომსახურების ბანკები საქართველოში: რეალობა და პერსპექტივები

ანოტაცია. თანამედროვე საბანკო საქმიანობა, წარმოუდგენელია ინფორმაციული და ტექნოლოგიური ინოვაციების გარეშე, მათი კონკურენტუნარიანობა და მომგებიანობა სრულად არის დაკავშირებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასთან. დისტანციური საბანკო პროდუქტების განვითარება და დანერგვა განსაკუთრებით დაჩქარდა Covid–19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც მსოფლიომ ონლაინ სივრცეში განაგრძო საქმიანობა. ბანკების ძირითად პრიორიტეტად იქცა მრავალფეროვანი დინსტანციური მომსახურების შეთავაზება მომხმარებლისთვის და ტრადიციული საბანკო ფილიალების თვითმომსახურების მოდელზე გადასვლა.

საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი პირველი ბანკი, რომელმაც ფეხი აუწყო დიჯიტალიზაციის პროცესს და ამავე დროს გამოირჩევა ევროპული გამოცდილების გაზიარებით, არის სს პროკრედიტ ბანკი.

ნაშრომში განხილული და გაანალიზებულია ტრადიციული საბანკო ფილიალების თვითმომსახურების მოდელზე ტრანსფორმაციის პროცესი პროკრედიტ ბანკის მაგალითზე, სახელდობრ: Direct Bank-ის კონცეფციის დანერგვა; თვითმომსახურების ზონის – 24/7 ფორმირება; ვიდეოიდენტიფიკაციის სერვისის ამოქმედება. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილებულია საკრედიტო პროდუქტების ხელშემწყობი ინოვაციური პროექტების განხორციელების თავისებურებებზე, შედეგებზე და გამოთქმულია მოსაზრება მათი შემდგომი დახვეწის მიმართულებით.

საკვანძო სიტყვები. პროკრედიტ ბანკი; ტექნოლოგიური ინოვაციები და დისტანციური საბანკო მომსახურება; Direct Bank-ის კონცეფცია; თვითმომსახურების ზონა 24/7; ვიდეო იდენტიფიკაცია.

შესავალი

ქართული საბანკო სექტორი ერთ-ერთი მოწინავეა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ათვისების პროცესში, რაც გამოიხატება დისტანციური საბანკო მომსახურების არხების განვითარებით, საბანკო ტექნოლოგიების განვითარებაში ინვესტირებით, მრავალფე¬როვანო საბანკო პროდუქტის წარდგენით, უსაფრთხოებითა და მოქნილობით.

ციფრული პროცესების ფონზე, საქართველოს საბანკო სისტემა შეიძლება წარმოდგენილ იქნეს: ციფრული არხებით (ონლაინ და მობილური არხები), ახალი პროდუქტებითა და მომსახურებით, სამომხმარებლო სერვისებით, ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სისტემებითა და პროცესებით.

ტრადიციული საბანკო ფილიალების თვითმომსახურების მოდელზე ტრანსფორმაციის პროცესი განვიხილოთ პროკრედიტ ბანკის მაგალითზე.

Direct Bank-ის კონცეფცია პროკრედიტ ბანკში

Direct Bank-ის კონცეფცია საბანკო სისტემის მომავალს წარმოადგენს. პირველი Direct Bank-ი1989 წელს გაერთიანებულ სამეფოში გამოჩნდა, როდესაც მან შესაძლებელი გახადა საბანკო ოპერაციების განხორციელება სატელეფონო ზარის მეშვეობით. XXI საუ¬კუნის დასაწყისში ტექნოლოგიური ინდუსტრიის ზრდამ და განვითარებამ უდიდესი ბიძგი მისცა საბანკო სფეროს გაციფრულების მიმართულებას. დღეს კი უამრავი კომპანია ფუნქციონირებს Direct Bank-ის პრინციპებით. აღსანიშნავია, რომ Direct Bank-ის ბიზნესმო¬დელის დანერგვა შეუძლია როგორც ტრადიციულ ბანკებს, ასევე ონლაინ ფილიალებსაც.

IT ინდუსტრიის მიღწევები და ინტერნეტის გავრცელების ზრდა მნიშვნელოვან სტიმულს აძლევდა დისტანციური ბანკინგის განვითარებას 2000-იან წლებში. დღეს კი ამ ბიზნესმო-დელით ასეულობით ბანკი ფუნქციონირებს.

რაც შეეხება საბანკო საქმიანობის ორგანიზაციის უახლეს ტენდენციებს საქართველოში, მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა საკმაოდ სწრაფად აუღეს ალღო თანამედროვე საბანკო ტექნოლოგიებსა და ტენდენციებს, მათ შორის არის Direct Bank-ის სტრატეგიაც. საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებიდან შეგვიძლია დავასახელოთ არაერთი ბანკი, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ იზიარებს Direct Bank-ის პრინციპებს, ხოლო ერთ-ერთი პირველი ბანკი, რომელმაც აღნიშნული სტრატეგიით მუშაობა ადრეულ პერიოდში დაიწყო საქართველოში, სს პროკრედიტ ბანკია.

განვიხილოთ Direct Bank-ის კონცეფციის განვითარების ძირითადი ეტაპები სს პროკრედიტ ბანკში:

დისტანციური საბანკო მომსახურების დანერგვა. პროკრედიტ ბანკის სამიზნე სეგმენტია მცირე და საშუალო კომპანიები, რომელთაც განვითარების პერსპექტივა აქვთ და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში შეუძლიათ წვლილის შეტანა. ის ერთადერთი ევროპული ბანკია საქართველოში, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი გერმანული კომპანიაა. შესაბამისად, სტანდარტებიც ძირითადად ევროპული ბანკების შესაბამისია. მიუხედავად სს პროკრედიტ ბანკის მცირე ზომისა, მას აქვს ყველაზე მაღალი Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული საერთაშორისო რეიტინგი BB+. ასევე პროკრედიტ ბანკი პირველი და ერთადერთი ბანკია, რომელმაც გააუქმა სალაროები და ნაღდ ფულთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია სრულდება მხოლოდ აპარატების მეშვეობით.

2015 წლის 24 აგვისტოს სს პროკრედიტ ბანკმა გადადგა პირველი ნაბიჯები ახალი, დიდი პროექტის განსახორცილებლად, რომელიც იმ დროისთვის უცხო იყო საქართველოს ბაზრისთვის. პროექტი გულისხმობდა ბანკის მომხმარებლებისთვის თანამედროვე, უახლესი სტანდარტებით მოწყობილი თვითმომსახურების ზონის შექმნას, რაც გახდა Direct Bankig-ის კონცეფციის საწყისი. სს პროკრედიტ ბანკმა წარმოადგინა ახალი ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბანკომატები და აპარატები, რომლებიც მომხმარებლს თანხის შეტანა-გატანის, ასევე ადგილზე, ზონაში ინტერნეტ ბანკინგის გამოყენებისა და ნებისმიერი ოპერაციის შესრულების საშუალებას აძლევდა. ახალი ინოვაციური ტექნოლოგიები უკავშირდებოდა ისეთ ტრანზაციებს, რომლებიც შეიძლებოდა განხორციელებულიყო მხოლოდ ელექტრონული სისტემების საშუალებით.

2016 წლის 9 მარტიდან ბანკმა შეზღუდა ფილიალში ნაღდი ფულით განხორციელებული ოპერაციები, კერძოდ: 5000 ერთეული თანხის შეტანა (ლარი/დოლარი/ევრო), ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარის და იურიდიული პირების¬თვის 5000 ლარის თანხის გატანა. აღნიშნული ცვლილება საკმაოდ სარისკო და სადავო გადაწყვეტილება იყო, რადგან ერთი შეხედვით, საქართველოს საბანკო სექტორის ბაზარზე იმ დროისთვის არსებული ტენდენციების ფონზე, ნაღდი ფულისა და საბანკო ფილიალების ჩანაცვლება ელექტრონული ფულითა და ფილიალებით ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. თუმცა პროკრედიტ ბანკისთვის ეს ნაბიჯი წარმოადგენდა გრძელვადიანი გეგმის ნაწილს, რომელიც სამომავლოდ ფილიალში არსებული ტრანზაქციების სრულად გაუქმებას ისახავდა მიზნად. ამ მომენტისთვის ბანკს ჰქონდა ყველა ის საშუალება, რაც მის მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად მოსახლეობას აძლევდა საშუალებას, მიეღო საბანკო მომსახურება რიგებისა და შეფერხებების გარეშე.

2016 წლის 24 აპრილს კომპანიამ დააანონსა ინოვაციის შესახებ: „ფილიალი ნაღდი ფულის გარეშე“, რომელიც საწყის ეტაპზე საპილოტე პროექტი იქნებოდა. პროექტი განხორციელდა რამდენიმე ფილიალში, სადაც საკასო ოპერაციები სრულად აიკრძალა. აღსანიშნავია, რომ პროექტი თავიდანვე გულისხმობდა ბანკის მოდელის მთლიან ტრანსფორმაციას თვითმომსახურე ბანკების მოდელზე. ამავე წლის სექტემბრისთვის სს პროკრედიტ ბანკის ფილიალებში ნაღდი ფულის შეტანა/გატანის ლიმიტები გაიზარდა 50000/30000 ლარი (ეკვივალენტი უცხოურ ვალუტაში). ამ შეზღუდვის პარალელურად ბანკმა დანერგა ახალი აპარატები. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აპარატი იყო HVD ბანკომატი, რომელსაც შეეძლო 300 კუპიურის მიღება, რომელსაც გადაამუშავებდა და ასევე შეეძლო დაებრუნებინა თითო ტრანზაქციაზე 150 კუპიურა. თითქოს ყველაფერი ხელს უწყობდა ამ პროექტის განვითარებას, თუმცა სწორედ ამ შეზღუდვის დროს იჩინა პრობლემებმა თავი.

პროკრედიტ ბანკის ორ მთავარ პროექტზე — ,,ფილიალები ნაღდი ფულის გარეშე” და Direct Banking-ი — მუშაობა 2018 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და წლის ბოლოს დასრულდა. 2018 წლის ბოლოსთვის სს პროკრედიტ ბანკში არსებული ახალი ხედვის მიხედვით, ფილიალში მომხმარებელთათვის დაუშვებელი იყო იმ ტიპის ოპერაციის განხორციელება (მაგ.: საერთაშორისო და სალარე გადარიცხვები, კონვერტაცია, კომუნალური გადახდები და სხვ.), რისი შესრულებაც შესაძლებელი იყო სხვადასხვა ციფრული არხების საშუალებით. ასევე პროკრედიტ ბანკი გახდა პირველი ფილიალი ნაღდი ფულისა და სალაროს გარეშე: როგორც თანხის შეტანა, ასევე თანხის გატანა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დასაშვები გახდა მხოლოდ ბანკომატების მეშვეობით. გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურების პირობებში, სახელდობრ: კლიენტები სარგებლობდნენ პაკეტური შეთავაზებით, რომელშიც ყველა საბანკო პროდუქტი გაერთიანებული იყო ერთი საკომისიოს ქვეშ. აღნიშნული მომსახურების მოდელიც იმ დროისთვის განსხვავებული იყო საქართველოს საბანკო სექტორისთვის.

აღნიშნული ცვლილებების შედეგად, 2018 წლის ბოლოს დაიწყო კლიენტების მასობრივი გადინება. ბანკმა შესძლო შეენარჩუნებინა კლიენტების მხოლოდ დაახლოებით 1/3, თუმცა დახურული ანგარიშების მფლობელთა უმეტესობა ბანკისთვის არაპროფილურ კლიენტებს წარმოადგენდნენ, რომლებიც ვერ ერგებოდნენ ბანკის ახალ ხედვებსა და მიმართულებებს. ბანკისთვის მიზნობრივი სექტორი გახდა კლიენტი, რომელსაც ფაქტობრივად არ სჭირდებოდა სხვადასხვა საბანკო ოპერაციების შესასრულებლად ფილიალში ვიზიტი და ყველა ოპერაციას თავად, სხვადასხვა ციფრული, დისტანციური არხების მეშვეობით ახორციელებდა.

შემდგომ წლებში სს პროკრედიტ ბანკმა კიდევ უფრო განავითარა დისტანციური მომსახურება, სახელდობრ: ფიზიკური პირებისთვის შესაძლებელი გახდა დისტანციურად ანგარიშის გახსნა ვიდეო იდენტიფიკაციის საფუძველზე, ბარათის შეკვეთა, ინტერნეტ და მობაილ ბანკინგის რეგისტრაცია, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზება ფილიალში ვიზიტის გარეშე.

ეს პროქტები სს პროკრედიტ ბანკისთვის Direct ბანკის სტრატეგიის დანერგვის მხოლოდ საწყისი იყო, ხოლო დღეისათვის ბანკი როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს სრულად დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს.

თვითმომსახურების ზონა 24/7. პროკრედიტ ბანკში 2016 წელს სექტემბრის ბოლოს დაინერგა პროექტი – „ფილიალი ნაღდი ფულის გარეშე”. აღნიშნული პროექტი გულისხმობს ფილიალში პლასტიკური ბარათის და „სივრცე 24/7-ში“ განთავსებული აპარატების ლიმიტების ფარგლებში ნაღდი ფულის ოპერაციების შეზღუდვას და მათ განხორციელებას მხოლოდ თვითმომსახურების „სივრცე 24/7-ში“, საკმაოდ მაღალი ლიმიტების შესაბამისად.

ბანკის ყველა ფილიალში მოწყობილია თანამედროვე ინოვაციური და მრავალფუნქციური აპარატებით აღჭურვილი „სივრცე 24/7“, სადაც მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია სასურველი საბანკო მომსახურების მიღება.

პროექტის ფარგლებში ბანკმა კიდევ უფრო მეტი აქცენტი გააკეთა პლასტიკური ბარათების დახვეწასა და ფუნქციურ დატვირთვაზე. ბარათებზე გაზრდილი ლიმიტების ფარგლებში მომხმარებელი თავადვე განახორციელებს თანხის შეტანა/გატანის ოპერაციებს თანამედროვე აპარატებით მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს. კომპლექსური, სრულფასოვანი და სწრაფი საბანკო მომსახურების მისაღებად 24/7 თვითმომსახურების სივრცეში ყველა პირობაა შექმნილი ბანკის ბიზნესკლიენტებისთვის და ფიზიკური პირებისთვის .

თვითმომსახურების 24/7 ზონა აღჭურვილია:

• სწრაფი ჩარიცხვის აპარატით.

• ინფოტერმინალით, საიდანაც შესაძლებელია ანგარიშებისა და გადარიცხვების შესახებ სხვადასხვა დოკუმენტების (ამონაწერების, საგადახდო დავალებების და სხვ.) გაცემა; ინტერნეტბანკინგით სარგებლობა; კონტაქტცენტრთან დაკავშირება.

• საკომუნიკაციო ოთახებით, სადაც შესაძლებელია არსებულ და პოტენციურ კლიენტთა საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურება, აგრეთვე გარკვეული მომსახურების მიღება. ოთახები აღჭურვილია ვიდეოტელეფონითა და პერსონალური კომპიუტერით ვიდეოიდენტი-ფიკაცისთვის.
• სადეპოზიტო სეიფით — DROP BOX აპარატით, საიდანაც თანხის შეტანა ხორციელ-დება სპეციალური პარკის მეშვეობით, რომელშიც კლიენტი ათავსებს თანხას, შეტანილი თანხა კი მომენტალურად აისახება ანგარიშზე.

• მაღალი ლიმიტების მქონე ბანკომატებით, რომელთა მეშვეობით ხორციელდება თანხის როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შემდეგნაირად:

უნივერსალური ბანკომატით - თანხის შეტანა/განაღდება GEL, USD, EUR მაქსიმუმ 50 კუპიურა; და უნივერსალური + ბანკომატით - თანხის შეტანა/განაღდება GEL, USD, EUR მაქსიმუმ 300 კუპიურა;

აღსანიშნავია, რომ პლასტიკური ბარათის მეშვეობით თანხის შეტანის ლიმიტი ასეთ ბანკომატში 100 000 ლარს და მის ეკვივალენტს შეადგენს, ხოლო განაღდების –– 50 000 ლარს და მის ეკვივალენტს. ასეთი ლიმიტები განსაკუთრებით ხელსაყრელი გახდა იური¬დიული პირებისთვის. გარდა იმისა, რომ მოხმარებლისთვის ,,24/7–ზე” ხელმისაწვდომია სერვისი, მსგავსი თვითმომსახურების ზონებით კლიენტი ასევე ამცირებს საოპერაციო ხარჯებს, რადგან ამ შემთხვევაში ნაკლებია ან არ არის მომსახურების საკომისიო. თუმცა ამავე დროს ფილიალში ოპერაციების შეზღუდვის გადაწყვეტილება და მათი გადამისამართება თვითმომსახურების სივრცეში საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა ბანკის მომხმარებლების უფროსი თაობის სეგმენტისთვის, დეპოზიტარებისთვის. გარდა ამისა, იყო და დღემდე არის არსებითი ფსიქოლოგიური ფაქტორები, როგორიც არის, უპირველეს ყოვლისა, კლიენტების, შეიძლება ითქვას, ,,შიში“ ან საკმაოდ ფრთხილი დამოკიდებულება ახალი ტექნოლოგიების მიმართ. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია კონსულტანტის როლი კლიენტებისთვის ბანკის თვითმომსახურე-ბის სისტემების გაცნობის საკითხში.
ვიდეოიდენტიფიკაციის სერვისი. სს პროკრედიტ ბანკში დისტანციური მომსახურების მთავარ რგოლს ვიდეოიდენტიფიკაციის სერვისი წარმოადგენს. ვიდეოზარის განხორ¬ციელება შესაძლებელია ბანკის ვებგვერდის გამოყენებით, პერსონალური კომპიუ-ტერის, ნოუთბუქის, ასევე MyDirect-ის აპლიკაციის მეშვეობით, პლანშეტისა და სმარტფონის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია IOS და Android-ის სისტემებისთვის. აპლიკაცია შექმნილია გერმანული კომპანიის IDnow-ს დახმარებით, რომელიც მომხმარებელს ვიდეო¬ზა-რის დროს გამოყენებული კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვას გერმანულ სერვერებზე უსაფრთხოების სტანდარტების მაღალი დონის დაცვით სთავაზობს. ასეთი ტიპის მომსახურება კი საქართველოს ბაზრისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა.

IDnow-ს პროგრამა ევროკავშირში პირველი იყო, რომელიც ბანკებსა და სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო ორგანიზაციებს მსგავსი ტიპის მომსახურებას სთავაზობდა. 2016 წლის მაისში პროგრამა დაპატენდა ევროკავშირის მიერ. აღნიშნული პროგრამით ვიდეოიდენტიფიკაციის პროცესი ხორციელდება არა მარტო პროკრედიტ ბანკ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც [https://www.idnow.io/about-us/].

სს პროკრედიტ ბანკში ვიდეოიდენტიფიკაციის პროექტზე მუშაობა 2018 წლიდან დაიწყო. ამ დროს უკვე შესაძლებელი იყო გარკვეული მომსახურების გაწევა ვიდეოზარების მეშვეობით, თუმცა აღნიშნული პროექტი საწყის ეტაპზე მომხმარებელს სერვისების შეზღუდულ ასორტიმენტს სთავაზობდა. გარდა ამისა, მას არ ჰქონდა მუდმივი ხასიათი. 2019 წლიდან პროკრედიტ ბანკის მომხმარებელთათვის დაინერგა MyDirect-ის აპლიკაცია, რომლის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ფიზიკური პირებისთვის დისტანციურად, ვიდეო¬ი¬დენ¬-ტიფიკაციის საფუძველზე ინტერნეტბანკინგის რეგისტრაცია, ხოლო შემდგომ სხვა სერვისების მიღებაც.

მნიშვნელოვანია, რომ პროკრედიტ ბანკმა სრული გადისტანციურების პროცესში ინოვაციური ვიდეოიდენტიფიკაციის პროცესი ეტაპობრივად განავითარა. პირველი ეტაპი ფიზიკური პირებისთვის ანგარიშის ონლაინ გახსნასა და სასურველი სერვისების რეგისტრაციას მოიცავდა. 2021 წლიდან კი სრულყოფილი ანგარიშით სარგებლობა უკვე იურიდიულ პირებსაც შეუძლიათ, რაც მათ დამატებით კომფორტსა და დროის ეფექტურ გამოყენებას უზრუნველყოფს.

მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 2 წელზე მეტია, რაც პროკრედიტ ბანკი ვიდეო¬-იდენტიფიკაციის პროდუქტს თავის მომხმარებელს სთავაზობს, პროექტის დახვეწას ხელი შეუწყო Covid-19-ის პანდემიის დაწყებამაც. ბანკმა კლიენტებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და პირისპირ შეხვედრების მინუმუმადმე დასაყვანად, შესაძლებელი გახადა ფაქტობრივად ყველა ტიპის საბანკო სერვისის დისტანციურად მიღება, გარდა იმ სერვისებისა, რომელსაც ზღუდავს კანონმდებლობა.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოიდენტიფიკაციის დროს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესაძლებელია როგორც ქართული, ასევე უცხოური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წაკითხვა, შემოწმება, ჰოლოგრამების დაფიქსირება. შესაბამისად, აღნიშნული სერვისი დიდი მოთხოვნით სარგებლობს ემიგრანტებშიც. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ვიდეოიდენტიფიკაციის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხოებას, პროგრამაში ავტომატურად გააქტიურებულია ფროდის შემთხვევების მინიმიზების მექანიზმები, რომელიც ეხმარება ბანკის თანამშრომელს მარტივად ამოიცნოს თაღლითი. ოთხი თვალის პრინციპის მეშვეობით კი კლიენტის მოთხოვნის შეცდომით შესრულების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

2022 წლის 1 იანვრიდან ფილიალს შეეზღუდა მომხმარებლების მომსახურება, გარდა იმ ოპერაციებისა, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით აუცილებელია შესრულდეს ფილიალში ვიზიტით. ასეთი ტიპის ოპერაციების ჩამონათვალი კი საკმაოდ მცირეა, მაგ.: რთული სადამფუძნებლო სტრუქტურის იურიდიული პირების რეგისტრაცია, საბავშვო ანაბრის გახსნა და დაზღვევა, მინდობილობის რეგისტრაცია, სამკვიდროს პროცესის მართვა და სხვა, ხოლო ყველა სხვა ტიპის საბანკო სერვისებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. რასაკვირველია, მსგავსმა ცვლილებმა გამოიწვია მიმართვიანობის გაზრდა ვიდეოზარით მომსახურებაზე.

საკრედიტო პროდუქტების ხელშემწყობი ინოვაციური პროექტები

საქართველო, ეკონომიკური და რისკ ფაქტორებიდან გამომდინარე, საკრედიტო კუთხით საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით გამოირჩევა. 2020 წლის მონაცემებით ქვეყანა საბანკო სესხის სიძვირით 30-ე ადგილზეა, რეიტინგით კი ისეთი განვითარებული ქვეყ¬ნების გვერდით დგას, როგორიცაა კენია, იამაიკა და სეიშელის კუნძულები [https://www.theglobaleconomy.com/rankings/lending_interest_rate/#Georgia]. შესაბამისად, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს ინვესტიციების განხორციელება, ბიზნესის განვითარება საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტების ხარჯზე უწევს, რაც ძირითადად გრძელვადიან სესხებს ეხება.

შეიძლება ითქვას, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოება დიდი წნეხის ქვეშ იყო, ვინაიდან ისედაც მწირი შემოსავლების ფონზე დიდ სირთულეს წარმოადგენდა საბანკო სესხის აღება. დაფინანსებისა და ინვესტიციების გარეშე კი ისინი კონკურენტუნარიანობას კარგავდნენ როგორც იმპორტიორების მიმართ, ასევე წარმოების შემთხვევაშიც. მსგავსი ბიზნესების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში დაინერგა საგარანტიო და თანადაფინანსების ინოვაციური პროგრამები, რომლებიც პირდაპირ იყო მიმართული ბიზნესის მხარდასაჭერად.

განვიხილოთ პროკრედიტ ბანკის მიერ განხორციელებული საკრედიტო პროდუქტების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ინოვაციური პროექტები:

სს პროკრედიტ ბანკი და EIB. 2011 წლიდან სს პროკრედიტ ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის მოქმედებს შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ბიზნესსაქ-მიანობისთვის საქართველოში მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა ხელშემწყობი პროექტები. დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სახრებით კლიენტები სარგებლობენ შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთებით სასესხო პროდუქტებზე, რომელთა მიზნობრიობა მოიცავს როგორც საბრუნავ, ასევე ძირითად საშუალებებს.

03.03.2017 წელს სს პროკრედიტ ბანკმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა ლუქსემბურგში ხელი მოაწერეს InnovFin-ის ხელშეკრულებას: საქართველოს სს პროკრედიტ ბანკისთვის გამოიყო 50 მილიონი ევრო, რომელის მიზანს წარმოადგენდა მცირე და საშუალო ბიზნესების ინოვაციური პროექტების დაფინანსება.

„InnovFin“-ის პროგრამა წარმოადგენს ევროპის საინვესტიციო ფონდის (EIF) და ევროკავშირის ერთობლივი ინიციატივის ნაწილს, რომელიც დაინერგა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020-ის“ ფინანსური მხარდაჭერით. „InnovFin“-ის მიზანია ისეთი კომპანიების დაფინანსების ხელშეწყობა, რომლებიც ახორციელებენ ინოვაციურ პროექტებს, ასევე ქვეყნის, რეგიონის ან საკუთარი კომპანიის მასშტაბით ნერგავენ სიახლეებს. აღნიშნული პროექტის დაფინანსების შესაძლებლობა აქვთ კომპანიებს, რომლებიც ევროკავშირის დეფინიციის მიხედვით SME ან Small Mid-Cap სეგმენტის წარმომადგენლები არიან და სადაც დასაქმებულია არაუმეტეს 499 თანამშრომელი. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კომპანიები სარგებლობენ შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთებით. აღნიშნული პროექტი ამ ეტაპზე საქართველოში აქტიურია პროკრედიტ და თიბისი ბანკებში.

პროექტის ფარგლებში ბიზნესკლიენტებისთვის, სებ-ის მიერ დადგენილი რეგულაციით, სესხისთვის საჭირო გირაოს შემცირება 50%-ით გახდა შესაძლებელი. ამ პროექტმა პროკრედიტ ბანკს გაცემული სესხების ოდენობის გაზრდის საშუალება მისცა, რაც საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საკმაოდ ეფექტური იყო ბაზრისთვის. პროექტის ფარგლებში გაცემულმა სესხებმა ბანკს საშუალება მისცა დაეგენერირებინა მინიმუმ 100 მილიონის ოდენობის პორტფელი.

სს პროკრედიტ ბანკი და EU4Business. „EU4Business“ არის EBRD-ის საკრედიტო პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად [EBRD-European Bank for Reconstruction and Development]. „EU4Business“ ინიციატივის საშუალებით ევროკავშირი აღმოსავლეთ პატნიორობის ქვეყნებში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდით, ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებითა და ადგილობრივი ბიზნესისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევით [https://eu4business.eu/reports/sme-policy-trends-november-2021-bulletin-georgia/] ინიციატივის ფარგლებში სს პროკრედიტ ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ფონდს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფონდი ბიზნესსესხებზე გირაოს უზრუნველყოფის 70%-ს უდგებოდა თავდებში. ეს პროექტი საქართველოს ბაზარზე იყო როგორც უდიდესი ინოვაცია, ასევე ძალიან კარგი შესაძლებლობა იმ მეწარმეებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ საკამარისი გირაო უზრუნველსაყოფად.

„EU4Business-EBRD credit line“ არის ასევე საქართველოს საბანკო სივრცეში დანერგილი ინიციატივის ერთ-ერთი პროდუქტი და გულისხმობს პროექტების დაფინანსებას ისეთი ბიზნესისთვის, რომელსაც არ ჰყავს 249-ზე მეტი თანამშრომელი. პროექტის წარ¬მატებით დამთავრების შემდეგ კლიენტს უბრუნდება პროექტის ფარგლებში აღებული სესხის სალდოს 15% [https://www.procreditbank.ge/en/eu4business-ebrd-credit-line].

დასკვნა

კომერციული ბანკებისთვის ინოვაციური ტექნოლოგიებისა და პროეტების დანერგვა სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია. როგორც სს პროკრედიტ ბანკზე განხილულმა მაგალითმა აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ ბანკში აქტიურად იყენებენ ინოვაციებს საბანკო მომსახურების პროცესში, ამ ეტაპზე თვითმომსახურების მოდელზე გადასვლა კონკურენტუნარიანობის ინსტრუმენტი არ არის, რადგან საზოგადოება ჯერჯერობით ჩამორჩება ტექნოლოგიური განვითარების ტემპებს, რაც დროთა განმავლობაში დაძლევადია. 2018 წელს პროკრედიტ ბანკის მომხმარებლების უდიდესი ნაწილი არ იყო მზად იმ ცვლილებებისთვის, რომელიც ბანკმა გაატარა. ფაქტია, რომ დღესაც ბანკის ბევრი მომხმარებელი მაინც ფილიალში ვიზიტს ანიჭებს უპირატესობას.

გარდა ამისა, Direct Bank-ის კონცეფციამ სს პროკრედიტ ბანკში დროთა განმავლობაში გამოიწვია კადრების შემცირება, ასევე კლიენტების ნაწილისთვის მიუღებელია ფიზიკური კავშირის სიმცირე და განსხვავებული მიდგომები, თუმცა ინოვაციური ტენდენციები, ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს საბანკო სფეროში საკმაოდ სწრაფი და მზარდი ტემპით მიმდინარეობს და შესაძლოა თაობების ცვლის შედეგად, დროთა განმავლობაში, ფილიალებზე და ტრადიციულ საბანკო მომსახურებებზე მოთხოვნა აქტუალური აღარც იყოს.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. საბანკო სესხის სიძვირით საქართველო 49-ე ადგილზეა, www.forbes.ge
2. საბანკო სექტორი საქართველოში, https://geoeconomics.ge/?p=13779
3. სს პროკრედიტ ბანკი მომხმარებლებს განსხვავებულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს www.marketer.ge
4. სს პროკრედიტ ბანკმა ციფრული ბანკინგის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო! www.marketer.ge/procredit-bank-digital-banking/
5. ლ. ღუდუშაური. ინოვაციური საბანკო ტექნოლოგიები და პროდუქტები, გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები. თბ., თსუ, VII საერთაშორისო სამეცნი¬ერო კონფე¬რენ¬ციის მასალები, 4–5 ნოემბერი, 2022. E-mail: cgebconference@tsu.ge
6. ლ. ღუდუშაური. საბანკო და საკრედიტო ორგანიზაციების რეინჟინერინგი: თეორია და პრაქტიკა (ელ. ვერსია). თბილისი, გამომცემლობა ,,ინტელექტი“, 2020.
7. Global Rating of Direct Banks, Frost & Sullivan, 2016.
8. The disruptive trends & companies transforming digital banking services in 2022. www.insiderintelligence.com/insights/digital-banking-trends/
9. www.eu4business.eu
10. www.idnow.com
11. www.procreditbank.ge
12. www.worldbank.org